понедельник, 1 марта 2010 г.

ზვიად გამსახურდიას მიმართვა მოსწავლე ახალგაზრდობისადმი

"ახალგაზრდობა ჩვენი ეროვნული მოძრაობის უმთავრესი დასაყრდენი და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ეს ახალგაზრდული მოძრაობაა. მაგრამ, მოდით პირდაპირ ვილაპარაკოთ. გვინდა იცოდეთ, რომ თქვენთან პრეტენზიებიც გვაქვს და ეს სწორად უნდა გამიგოთ. განათლების სისტემას რომ რეორგანიზაცია და გაუმჯობესება სჭირდება, ეს ცხადია. ამისთვის ჩვენც ვიბრძვით და თქვენც უნდა იბრძოლოთ, მოსწავლე ახალგაზრდობამ. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ აკადემიური მოსწრება და სპეციალობის დაუფლება არანაკლებ სერიოზულია, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა. არ ჩათვალოთ ეს ტრაფარეტულ ჭკუის დარიგებად უფროსისგან. მე ამას გეუბნებით, როგორც ჩვენს უმცროს თანამებრძოლებს. გახსოვდეთ ეროვნულ მოძრაობას სჭირდება ყოველმხრივ განათლებული, კულტურული ადამიანები. ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი ხალხის მოძრაობა. ნუ გაგიტაცებთ სასწავლო დაწესებულებების გაფიცვები. ჩვენ ისე არა გვაქვს საქმე, რომ თქვენს ხარჯზე გადაიაროს ამან. მთელი მუშათა კლასი, გლეხობა, საზოგადოების ნებისმიერი ფენა ჩვენთანაა. რა სჭირს ჩვენს მოძრაობას ისეთი, რომ თქვენ ჩამოგარჩინოთ სწავლაში, რათა მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ მას ისედაც მივაღწევთ. ამიტომ, გთხოვთ, მაქსიმალურად მოვერიდოთ თვითნებურ გაფიცვებს, უფრო მეტად ვიფიქროთ ცოდნის დაუფლებაზე. ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ ეროვნულ მოძრაობას, დაგვაბრალონ ახალგაზრდების მოწყვეტა სწავლისაგან, შრომისგან და იფიქრონ, რომ ჩვენ ვართ უსაქმურთა და ზარმაცთა თავშესაფარი. მე ეს არაერთხელ განვაცხადე და ახლაც გიმეორებთ. თანაც ნახეთ, რა მძიმე მდგომარეობა გვაქვს ზნეობის თვალსაზრისით. ეს დასამალი არაა. ამას არავისთან ვმალავ და არც თქვენ დაგიმალავთ. ის, რაც ვერც აფხაზმა, ვერც ოსმა, ვერც თათარმა ვერ გაგვიკეთა, ჩვენ ვუკეთებთ ერთმანეთს. რის ცხრა აპრილი, მეგობრებო, რის თხუთმეტი ივლისი, რის სამაჩაბლო, რის აფხაზეთი, რაც თბილისში დატრიალდა ამ ბოლო პერიოდში. ასშვიდი მკვლელობა - ეს საშინელებაა. და აი, ამას უმთავრესად ახალგაზრდა ადამიანები სჩადიან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ მსგავსი შემთხვევები.ამიტომ გადავწყვიტეთ: ასეთ დამნაშავეებს ერის მოღალატეებად, ეროვნული მოძრაობის მოღალატეებად გამოვაცხადებთ, რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ ისინი და შევრისხავთ, როგორც ერის მოღალატეებს. სხვა გამოსავალი არ არის. თან იმის მონაცემებიც გვაქვს, რომ ყოველივე ამას ჩვენი მარადიული მოსისხლე მტერი ფარულად წარმართავს. მას ამის საშუალებები აქვს, მაგრამ მაინც არ გვჭირდება თქვენი მოხმარება პოლიტიკური თეორიების და პოლიტიკური დეკლარაციების შექმნაში. ამას ჩვენც გავართმევთ თავს. მაგრამ მოდით, ზნეობის საკითხებში დავუახლოვდეთ, უფრო მეტად დავუჭიეროთ მხარი ერთმანეთს, რომ არ დაგვეღუპოს ერი. მეგობრებო, გაიცნობიერეთ – დაღუპვის გზაზე ვდგავართ! უცხო ერები ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ, მაგრამ თუ დაეცა ჩვენი ზნეობრიობა, ყველაფერი დაკარგულია.მე კიდევ ერთი რამ მინდა გირჩიოთ – რაც შეიძლება უფრო ინტენსიურად ჩაებათ რელიგიურ ცხოვრებაში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სწავლის პროცესი, პროგრამები, თვით განათლების სისტემა დაეფუძნოს რელიგიას, საღვთისმეტყველო მოძღვრებას. ღვთისმეტყველებისა და რელიგიის გარეშე არ არსებობს არავითარი განათლება. ეს კომუნისტებმა შემოიღეს ანტირელიგიური "განათლება", რაც ფაქტობრივად დაბნელებაა და არა განათლება. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გაფიცვებიც დაგვჭირდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს გამიზნული და ჩვენთან ერთად მოფიქრებული. ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ისწავლებოდეს ღვთისმეტყველება და უფრო მეტი რელიგიურობა იყოს ახალგაზრდობაში. აი ეს დაგვიცავს მეგობრებო. მოვიქცეთ რწმენაზე საქმით, პრაქტიკულად , ვინაიდან "სარწმუნოება თვითნიერ საქმეთასა მკვდარ არს",– როგორც არის ნათქვამი ბიბლიაში. აი, ეს არის ჩვენი სურვილები და, რასაკვირველია, მივესალმებით ამგვარ აქტივობას ყოველთვის.უფრო მეტად უნდა მივხედოთ ზნეობას, ენას. რა მდგომარეობაა ამ მხრივ? რა ენაზე მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობა?! ბევრმა დაივიწყა წინაპრების ენა, წინაპრების სარწმუნოება და ისე მეტყველებს, რომ ყურით აღარ მოისმინება. პირველ რიგში , აი, ამას უნდა ვებრძოლოთ, მეგობრებო, და მერე ვიმსჯელოთ მაღალ მატერიებზე და დიდ პოლიტიკურ საკითხებზე, მერე გავარჩიოთ მსოფლიო პოლიტიკის, თუნდაც შიდა პოლიტიკის საკითხები. მეტყველება სულის ანარეკლია, ის სულის გამოხატულებაა. შეძრული ვარ, ისეთი სიტყვები მესმის სკოლებში. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყოველივე ამას, თუ გვსურს, რომ მართლაც ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი ერი ვერასოდეს გახდება დამოუკიდებელი, თუ ის ზნეობრივად არ ამაღლდა, რელიგიურად არ ამაღლდა, სარწმუნოებრივად არ ამაღლდა. ეს უნდა გვახსოვდეს, რამეთუ ისტორიამ იცის სასჯელი. მე მარტო დავით გურამიშვილს გაგახსენებთ, როგორ უკავშირებს ის საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას, მის უბედურებას, რელიგიის დაკარგვას და ზნეობრივ დაცემას.
რაც შეეხება კომკავშირს, იმ შემთხვევაში თუ იგი გაუქმდება, არ უნდა შეიქმნას მისი სუროგატი, ახალი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებს კვლავ პოლიტიკაში ჩაითრევს. ასეთი ორგანიზაცია ეროვნული იდეოლოგიითაც რომ გამოდიოდეს, ჩვენ მაინც შევებრძოლებით მას. უნდა მოხდეს სკოლების დეიდეოლოგიზაცია და დეპოლიტიზაცია. ვიმეორებ – სწავლაა თქვენი პოლიტიკა.
გთხოვთ, რომ ვიბრძოლოთ უფრო პრაქტიკული საქმეების მოსაგვარებლად, მოვუწოდოთ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს, ყველას მოვუწოდებთ, რომ აღარ მოხდეს ჩვენს თბილისში, საქართველოში ისეთი მახინჯი მოვლენები, რომლებმაც ჩვენს ახალგაზრდობას სახელი გაუტეხა. აი, ეს არის ჩემი უპირველესი სურვილი და სათხოვარი."